უკან დაბრუნება

გუგუტიანთკარის გაკვეთილები - ნაწილი I

24 აგვისტო 2019

საქართველოს ჰყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გუგუტიანთკარის გაკვეთილები

ნაწილი I

როგორც ყველაფერი, რაც საქართველოში თქმულა, პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვებიც საკამათოა. საქართველოს შეიძლება ორზე მეტი მტერი ყავს, შეიძლება ერთი, მაგრამ ის არც რუსული ოკუპაციაა და არც სიღარიბე. დიახ, სიღარიბე მტერი არაა, სიღარიბე მოცემულობაა, რომელიც მათ შორის მტრის ქმედებებითა და სახელმწიფოს არაეფექტიანი მართვითაა გამოწვეული. რუსულ ოკუპაციას რაც შეეხება, არც ისაა მტერი. ნებისმიერი პარალელი მოიყვანეთ ისტორიიდან. ნეტავ ვინმე 1920-იან წლებში ამბობდა მტერი ბოლშევიკური ოკუპაციააო? თუ პირდაპირ ამბობდნენ ბოლშევიკები, ან ბოლშევიკური რუსეთიაო? ნეტავ XIV საუკუნეში მცხოვრები ქართველები მტრად თემურ ლენგის შემოსევებს თვლიდნენ, თუ თავად თემურ ლენგსა და მის სახელმწიფოს? ხოდა, სამწუხაროდ, როგორც (თითქმის) ყველაფერი, რაც საქართველოში თქმულა, პრემიერის ეს სიტყვებიც სადღეგრძელოა და მეტი არაფერი.

ჩვენ რატომღაც არ გვიყვარს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. „რუსეთი ოკუპანტია“ - ეს ორი სიტყვაც კი არსებული რეალობის ზედმეტად რბილად გადმოცემაა. სინამდვილეში რუსეთი მტერია. ვინმემ მაღალ რუსულ კულტურაზე, ჩაიკოვსკიზე, დოსტოევსკისა და თბილისში გრიბოედოვის საფლავზე რომ არ დაგვიწყოს ლაპარაკი, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ -

პუტინის რუსეთი მტერია! თუმცა ისიც დავაყოლოთ, რომ არცერთი ფორმაციის რუსეთი ყოფილა ჩვენი მეგობარი და ყველა მტერია, მას შემდეგ, რაც კავკასიით დაინტერესდა და იმის მერე ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა ვერ აუტანია. მიუხედავად ამისა, ჩვენ აწმყოზე ვკონცეტრირდეთ.

 

შევთანხმდით, რომ პუტინის რუსეთი მტერია და ოკუპაცია ამ მტრული სახელმწიფოს ქმედების შედეგი. ამ ოკუპაციასაც უამრავი შემადგენელი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ბორდერიზაციაა. ბორდერიზაციის მომსწრენი ჩვენ პერიოდულად ვხდებით ხოლმე. რა არის ბორდერიზაცია და რას ისახავს ის მიზნად? ბევრი თვლის, რომ ბორდერიზაციის მიზანი, რუსეთის მხრიდან საკუთარი ქმედებების, მათ შორის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ლეგიტიმაციის მცდელობაა. დავუშვათ ასეა. მაშინ აქვე დავსვათ კითხვა: რამდენი ხანი სჭირდება რუსეთს სამხრეთ ოსეთის შემოსაღობად? 1 კვირა? 1 თვე? 1 წელი? მაგრამ 10 წელი ნამდვილად არ სჭირდება. ხომ ასეა? 2009 წლიდან მოყოლებული ბორდერიზაცია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს და მისი მიზანი მხოლოდ ერთია, დათესოს უიმედობისა და დაუცველობის განცდა ქართულ საზოგადოებაში.

ბორდერიზაცია რუსეთის ფსიქოლოგიური იარაღია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ამ დრომდე კრემლი მას საკმაოდ ეფექტურად იყენებს, რადგან ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის სოლიდური ნაწილი გარკვეული გაგებით დამყოლი და დამთმობი გახდა, რისი მთავარი გამოხტულებაც ისაა, რომ პრობლემის ფუძეს რუსეთში კი არა, უკვე ჩვენში ვეძებთ. რუსეთი ამას უმიზეზოდ ხომ არ იზამდა? ვიღაცამ გააღიზიანა! ისევ ჩვენი ბრალია, დავტეულიყავით ჩვენს ტყავში!

სხვათა შორის, ეს პერიოდული ბორდერიზაცია, რომელსაც გამოხატული ინტენსივობაც არ აქვს, არანაირ ლოგიკას ექვემდებარება, შეიძლება ითქვას ინოვაციური მიდგომაა. როდესაც რუსებმა გაყოფილ გერმანიას ბერლინის კედელი აუშენეს, გერმანელებმა ის მიიღეს, როგორც დროებითი მოცემულობა და მის პირობებში ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელეს. ასევე მოხდა კვიპროსის შემთხვევაშიც. ყველამ იცოდა, რომ კედლის მეორე მხარეს მტერი იყო. ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ვიცით, სად გადის ეს კედელი...

 

გუგუტიანთკარის მოვლენები, 10 წლიანი ბორდერიზაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. იქ არაფერი მომხადარა ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, თუმცა თითქმის ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი:

  • რუსები ამბობენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებს ნიშნავენ რაღაც რუკების მიხედვით. გუგუტიანთკარში, უკვე გაკეთებული ღობე გადმოწიეს. ანუ, რუკები არაფერ შუაშია. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გვითხრან რომ წლების წინ რაღაც შეეშალათ და ის ღობე კიდევ რამდენიმე მეტრით წამოწიონ. ნერვების მოსაშლელად და ფსიქოლოგიური წნეხისთვის 1 მეტრიც საკმარისია.
  • ადამიანებმა თავისი სახლები საკუთარი ხელით დაანგრიეს. აბსოლუტურად უიმედოებმა. ასეთი რამ ადრეც გვინახავს, თუმცა მსგავსი რამის ხილვა, ყოველ ჯერზე რთულია.
  • ბორდერიზაციის პროცესი მოულოდნელად შეჩერდა. რაც ნაწილმა გამარჯვებად მონათლა. დარჩა მხოლოდ ჩარჭობილი ბოძები (რომლის ამოღებასაც ალბათ ვერ გავბედავთ)... მაგრამ როდის მოვლენ საქმის დასასრულებლად? იმ ადამიანებმა, ვისი სახლებიც ამ ბოძებს მიღმა არ დარჩა და ჯერ დანგრევა არ მოუწიათ, ხომ საკმაო ხანს უნდა უყურონ დაუსრულებელ „საქმეს“? უყურონ და იფიქრონ იმაზე, როდის მოვა რუსი დაწყებულის დასამთავრებლად...

სიმბოლურია ისიც, რომ სოფელს გუგუტიანთკარი ქვია და რუსული ოკუპაციის სისასტიკის მსხვერპლი გუგუტიშვილების ოჯახიც გახდა. საქართველოში არაერთი სოფელია, რომელმაც სახელი რომელიმე გვარისგან მიიღო. წარმოიდგინეთ სახალვაშოში მცხოვრებმა ხალვაშებმა, თაბაგრებში მცხოვრებმა თაბაგრებმა, მინაძეში მცხოვრებმა მინაძეებმა, ლეხაინდრაოში მცხოვრებმა ხაინდრავებმა... ერთ მშვენიერ დღეს რუსი მოვა და გეტყვის, რომ ის მიწა, რომელსაც შენი წინაპარი ხნავდა და თიბავდა მისია. გეტყვის ისეთ სოფელში, რომელმაც სახელი შენი გვარისგან მიიღო. და ამავე დროს წარმოიდგინე ისიც, რომ მთელი ქვეყნის რეაქცია ისეთივე გულგრილი იქნება, როგორიც შენი იყო გუგუტიანთკარზე. ყველა იგივე კითხვას დასვამს - მე რა უნდა ვქნა? მე რა შემიძლია? და ამ კითხვების ფონზე, ან საკუთარი სახლის დანგრევა მოგიწევს, ან ყველაფრის რუსებისთვის დატოვება...

 

დავით ბრაგვაძე,

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაგრძელება იქნება...

 

გაზიარება