უკან დაბრუნება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებს აქვეყნებს

24 აგვისტო 2019

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალური გვერდზე მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის გაფორმების 80 წლის თავზე ისტორიული მნიშვნელობის, იშვიათი დოკუმენტები გამოაქვეყნა. მათ შორისაა საიდუმლო პროტოკოლი, რომელიც თან ერთვოდა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების ძირითად ხელშეკრულებას. როგორც ირკვევა, ინტერესთა სფეროების შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ 23.08.1939 წელს მიმდინარეობდა, იმავე წლის 1 სექტემბრამდე, ანუ გერმანიის პოლონეთში შეჭრამდე 8 დღით ადრე. 

განსაკუთრებით საინტერესოა წითელი ფერის კალმით გაკეთებული ხელმოწერა და შესწორებები, დიდი ფორმატის რუკაზე, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით მხარეთა სახელმწიფო საზღვრებს აზუსტებდა. წყაროს ცნობით, რუკაზე სტალინის ხელმოწერა და მის მიერ გაკეთებული შესწორება ჩანს, რომელიც დამოწმებულია მისი და რიბენტროპის ხელმოწერებით. 

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტები მატერიალური სახით აღარ არსებობს. ფიქრობენ, რომ ისინი ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გაანადგურეს. წინამდებარე მასალები კი სპეციალური ვიდეო კადრებიდან არის ამოღებული, რომელსაც ნაცისტური გერმანიის შესაბამისი სამსახური მიზანმიმართულად და რეგულარულად იღებდა. ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1939 წელს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს. 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაზიარება