უკან დაბრუნება

რუსული „ჩერნობილის“ თრეილერი გამოვიდა

28 ივლისი 2019

ეს სტატია მაშინ უნდა გამოგვექვეყნებინა, როდესაც HBO-ს „ჩერნობილის“ ბოლო სერია გამოვიდა. ამბავი იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ რუსები IMDB-ზე ყველა დროის ლიდერ სერიალს. მაშინ რატომღაც გადავიფიქრეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც დაანონსებული რუსული „ჩერნობილის“ თრეილერი გამოვიდა, გადავწყვიტეთ მაინც გამოვაქვეყნოთ. გადავწყვიტეთ, რადგან ნანახმა სერიალის ნახვის სურვილი საფუძველშივე გაგვიქრო, მისმა ხელოვნურობამ ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. იმ აგრესიის ფონზე, რაც დასავლური ვერსიის მიმართ გამოხატეს, ნამდვილად მეტს ველოდით, თუმცა არ შეუძლიათ და რა ქნან? მაშ ასე, არგამოქვეყნებული სტატია იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ რუსები „ჩერნობილს“... ბოლო დროს, ვისაც არ ეზარება ყველა HBO-ს მინი სერიალ „ჩერნობილზე“ წერს და ლაპარაკობს. ხოდა არც მე მეზარება, იმაზე მოგითხრობთ „ჩერნობილი“ რუსეთში როგორ მიიღეს.

პირველი სერიების გამოსვლის შემდეგ რეაქცია ერთი შეხედვით მოზომილი იყო, მაგრამ შეფასება მაინც არაობიექტური. საქმე იმაშია, რომ რუსმა კრიტიკოსებმა მხატვრული სერიალი დოკუმენტურის კრიტერიუმებით შეაფასეს. თუმცა ამას თავის მიზეზიც შეიძლება ჰონდეს, მხატვრული სერიალი ასე რეალისტური იყოს, მართლაც დიდი იშვიათობაა. დასაწყისში ისინი აღნიშნავდნენ, რომ სერიალი მთლიანობაში სწორად მოგვითხრობდა განვითარებულ მოვლენებს, მარგამ მნიშვნელოვნად იყო აცდენილი საბჭოთა რეალობას.

ასე მაგალითად, მათი კრიტიკის მიზეზად მთავარი გმირის, ვალერი ლეგასოვის მიერ არყის სმის სცენა იქცა. ამერიკლებს ჰგონიათ, რუსები ისე ვსვამთ არაყს, როგორც ისინი ვისკისო, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ როცა არაყს გეახლებით „ზაკუსკას“ ვაყოლებთ ხოლმეო. ხო, მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსი „ზაკუსკის“ გარეშე ოდესმე არაყს მიეკარება... ასევე გამოეკიდნენ ისეთ დეტალებს, როგორიც რეაქტორზე ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენის ჩამოვარდნაა. მათი თქმით, ვერტმფრენი მართლაც ჩამოვარდა, მაგრამ არა პირველივე, არამედ ერთ-ერთი, ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი აცდენაა, ვერაფერს იტყვი... ასევე განხილვის საგანი გახდა ჩერნობილის სადგურზე ვალერი ლეგასოვისა და ბორის შერბინას ჩაფრენის ეპიზოდი, სადაც შერბინა პილოტს აფეთქებული რეაქტორის თავზე გადაფრენას სთხოვს ლეგასოვი კი წინააღმდეგია, რის შემდეგაც შერბინა მეცნიერს ვერტმფრეიდან გადაგდებით ემუქრება. მათი თქმით, ეს ფუნდამენტური აცდენა იყო, რადგან შერბინა და ლეგასოვი ჩერნობილში მანქანით ჩავედნენ და ეგეც არ იყოს, საბჭოთა ბიუროკრატი ეგრე არ დაემუქრებოდა, კარიერის დანგრევაზე დაუწყებდა ლაპარაკსო. ჩემი აზრით, დრამატული ეფექტისთვის მანქანის ვერტმფრენით შეცვლა დიდი ტრაგედია არ უნდა იყოს. ისე კი, კარგი სანახავი იქნებოდა აფეთქებული რეაქტორის თავზე ლეგასოვის კარიერის პერსპექტივაზე საუბარი.

კრიტიკის ობიექტი გახდა იულია ხომიუკის გამოგინილი პერსონაჟიც, რომელიც როგორც სერიალის ბოლო ეპიზოდში განმარტეს, ყველა იმ მეცნიერის კრებსითი სახეა, ვინც ტრაგედიის შემდეგ სიმართლის მხარეს დადგა და საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდა.

თუმცა ყოველი შემდეგი სერიის გამოსვლის შემდეგ რუსული მედია „ჩერნობილის“ მიმართ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. შეიძლება რუსები არ ელოდნენ, რომ ეს მინი-სერიალი ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა, მისმა მაღალმა რეიტინგმაც, რომელიც ამ მომენტისთვის IMDB-ზე 9.7-ა, ბოლო სერიის კი სულაც 10, რუსები ბოლომდე გამოიყვანა წყობიდან.

ასე მაგალითად, Russia 24-ის ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანზონი გადაცემა ვესტის ეთერში გადაირია და „ჩერნობილი“ როგორც დასავლეთის იდეოლოგიური პროდუქტი ისე განიხილა. ისიც ჩაეძია წვრილმანებს, ერთ ეპიზოდში მეტალო-პლასტმასის ფანჯარა ჩანსო. ამავე ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, ამ სერიალს დათვები და აკორდეონები აკლია, უფრო სტრეოტიპული რომ იყოსო. ხოდა კიდე, რა წესია აქ ადამიანებზე ზრუნვის ელემენტები რომ ჩანსო, არ ჯობდა ყველა გულაგში წაეყვანათ და დაეხვრიტათო? დასავლელი მაყურებელი ასე უფრო გაიგებდაო. HBO-ს გარდა სრულიად დასავლეთის მაყურებელსაც გადაწვდა.

რუსეთში ისიც ითქვა, რომ სერიალი „რუსეთის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს იმიჯს ლახავს“. ამაზე რა უნდა ითქვას, მართლა არ ვიცი...

ბევრი ეცადა საჭოთა ხელმძღვანელობის ქმედებების გამართლებას, იმ დრომდე მსგავსი კატასტროფა არსად მომხდარა და სსრკ კი არა, ვერცერთი სახელმწიფო ვერ იმოქმედებდა უკეთო.  ფუკუშიმას ტრაგედიაც გაიხსენეს და  ვერც იაპონელებმა შეძლეს რეაგირებაო.

რუსები ახლაც არ დაფიქრებულან იმაზე, რატომ დაემართა ეს ამბავი სსრკ-ს და რატომ არ დაემართათ მანამდე სხვებს. ამ კითხვას თავად სერიალიც კარგად სცემს პასუხს. მთავარი პრობლემა მიდგომა, „იაფი“ ტექნილოგიები და არაკომპეტენტურობა იყო. 2011 წლის ფუკუშიმას ტრაგედიის გახსენება კი საერთოდ უსინდისობის მწვერვალია. იაპონიაში ბირთვულ სადგურზე ავარია მასშტაბურმა ცუნამიმ გამოიწვია, ჩერნობილში კი პატარა მდინარე პრიპიატიც კი არ ადიდებულა. მეორეც, იაპონიის ხელისუფლებას, საბჭოთასგან განსხვავებით, მომხდარი ფაქტის დამალვა არ უცდია და შესაბამისი ზომებიც სწრაფად მიიღო.

ვალერი ლეგასოვის ფიგურასაც გადაწვდნენ, რა სისულელეა, ლეგასოვს თავი იმიტომ არ მოუკლავს რომ KGB მასზე ზეწოლას ცდილობდაო. ლეგასოვმა თავი 1988 წლის 26 აპრილს, რეაქტორის აფეთქებიდან ზუსტად 2 წლის თავზე მოიკლა. მისმა თვითმკვლელობამ კი პრობლემის იგნორირება უკვე შეიძლებელი გახადა. ლეგასოვი, რომელიც თავად იყო მახინჯი სისტემის ნაწილი, გარკვეულწილად სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.

მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, რუსეთში „ჩერნობილზე“ ბევრი ითქვა და დაიწერა. ძირითადად იმ შინაარსის, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ნათელია, რომ პროდუქტმა არა იმდენად რიგითი რუსები, არამედ მაღალი ეშელონები შეაწუხა. გამოჩნდა, რომ ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგაც არავის სურს მომხდარის აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ გორბაჩოვის ეპოქაა, ის კი დღევანდელი ფორმაციის რუსეთში სრულიად მოძულებული კაცია, როგორც სსრკ-ის დანგრევის, „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ მთავარი შემოქმედი.

ადვილი დასანახია, რომ რუსული ოფიციოზი სერიალის ძალიან რეალისტურმა სცენარმა, თითქმის ზუსტად აღდგენილმა რეალობამ გააღიზიანა. დეკორაციები, კოსტიუმები, კასტი ყველაფერი იდეალურია. ძალიან კარგად ჩანს საბჭოთა სისტემის ხარვეზები, არაკომპეტენტური პერსონალი, პოლიტიკური ელიტის გულგრილობა. შემდეგ კი ის, რომ „საბჭოთა კავშირში ასეთი კატასტროფა ვერ მოხდებოდა“, მის დამალვაზე დაუღალავი მუშაობა. „ჩედნობილში“ ნაჩვენები ეს ხარვეზები მოსკოვში ცხადია არ ესიამოვნათ...

თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოსკოვში ამაზე მეტად სხვა რამ ეწყინათ. მათ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ ჩერნობილის ტრაგედიაზე ხარისხიანი პროდუქტის გადასაღებად, თუმცა ეს დასავლეთში მოხდა. დასავლურმა კინოინდუსტრიამ აჩვენა არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის მანკიერი მხარეები, არამედ საბჭოთა მოქალაქეების გმირობის მაგალითებიც. დიახ, საბჭოთა მოქალაქეების გმირობის მაგალითები, რომელთა ნაწილი გაუცნობიერებლად, ნაწილი კი გაცნობიერებულად წავიდა სასიკვდილო რისკზე, მილონობით სიცოცხლის გადასარჩენად. „ჩერნობილმა“ მოგვითხრო საბჭოთა მეცნიერების, მფრინავების,მეხანძრეების, მყვინთავების, სამხედროების, ექიმების, მეშახტეების, უბრალო ლიკვიდატორების და სხვათა ჰეროიკული ისტორიები, რომელთა შორისაც იყვნენ: რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ქართველები, სომხები... მოსკოვური თვალთახედვით პროპაგანდისტულმა პროდუქტმა საბჭოთა პოლიტელიტაშიც კი გვანახა დადებითი გმირები, რომელთა შორის გამორჩეული ბორის შერბინას პერსონაჟია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გმირობები სერიალში გარკვეულწილად გადაჭარბებულია. საბჭოთა სისტემა მოქალაქეებს ძირითადად მოტყუებით, მუქარით, ან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აიძულებდა კატასტროფის ლიკვიდაციაზე მუშაობას. მათმა დიდმა ნაწილმა არც იცოდა, რამდენად საშიშ საქმეს აკეთებდა, ან იცოდა, მაგრამ იძულებული იყო გაეკეთებინა. განსხვავებით, თუნცაც ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ რეაქტორთან დარჩენილი თანამშრომლებისა, რომელთაც ზუსტად იცოდნენ რამხელა რისკზე მიდიოდნენ, უფრო დიდი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

ჩემი ღრმა რწმენით, რუსებს გულზე მოხვდათ, რომ საბჭოთა საზოგადოების თითქმის ყველა წრის ადამიანთა გმირობის ისტორიები დასავლეთმა მოყვა და მოყვა ისე, როგორც რუსები ვერასოდეს მოყვებიან...

პ.ს. სერიალის ფინალური ეპიზოდი ჯერაც არ იყო გამოსული, როდესაც NTV-ემ დაანონსა, რომ თავად აპირებენ ჩერნობილის ტრაგედიაზე სერიალის გადაღებას. სიუჟეტური ხაზიც გაგვიმხილეს. KGB-ეს აგენტი CIA-ს აგენტს ებრძვის და დასავლური დივერსიის თავიდან აცილებას ცდილობს... ხო, სწორედ ასე გაიაზრა რუსულმა ოფიციოზმა 33 წლის შემდეგ მომხდარი ტრაგედია. და ახლა ეცდებიან ისტორიის მათი ინტერპრეტაცია ყველა ჩვენგანამდე მოიტანონ...

პ.პ.ს. 2006 წელს მიხეილ გორბაჩოვმა დაწერა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის მთავარი მიზეზი ჩერნობილის კატასტროფა იყო. თუმცა კავშირის დანგრევა გამოიწვია არა იმდენად თავად ტრაგედიამ, არამედ მისმა თანმდევმა პროცესებმა, რომელმაც საბჭოთა სისტემის ყველა მანკიერი მხარე სააშკარაოზე გამოიტანა.

პ.პ.პ.ს. ვისაც „ჩერნობილი“ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ დიდი ხნით არ გადადოთ...

 

დავით ბრაგვაძე

"ინფოარმისთვის"

გაზიარება