თავსართი euro მხოლოდ გულუბრყვილოებისთვის არის ცალსახად თავისუფლების და სამართლიანობის, ანუ ევროპული ღირებულებების სიმბოლო. ევროპა არის კიდეც თავისუფლების და სამართლიანობის სავანე. მაგრამ, თავისუფლებაში მრავალფეროვნებისთვის ბუნებრივად შექმნილი ნიადაგი ტყუილის და მანიპულაციისთვის ტოვებს ადგილს.
1992 წელს სპარსეთის ყურეში ომის დროს ამერიკული CNN- ის მიერ საინფორმაციო და ტექნოლოგიურმა უპირატესობამ ევროპაში გააჩინა ევროპული ალტერნატივის შექმნის იდეა გააჩინა. სსრკ-ის დაშლით აღფრთოვანებულებისთვის მსოფლიო ერთპოლუსიანი მოჩანდა, ხოლო ელცინის დემოკრატია რუსეთის და დასავლეთის პარტნიორებად ჩამოყალიბების ილუზიას ქმნიდა. ამიტომ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინიციატივით შეიქმნა CNN-ის პანევროპული ალტერნატივა, ფასიანი საკაბელო Euronews.
თავდაპირველად Euronews 5 ძირითად ევროპულ ენაზე მაუწყებლობდა. მაუწყებლის დაფინანსებაში 25% წილი რეგულარულად შეაქვს ევროკავშირის ბიუჯეტს. მიუხედავად ინოვაციური სტილისა, ევრონიუსი ძნელად კრეფდა საჭირო რაოდენობის აუდიტორიას და მუდმივად განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას. ამიტომ, დაარსებიდან რაღაც 8 წელიწადში ევრონიუსის კლუბს ევროპის მიღმა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის რუსეთი, თურქეთი, ეგვიპტე და სხვა. აქედანვე იწყება წუხილი ევრონიუსის სარედაქციო დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ჟურნალისტური სტანდარტის და ზოგადად, ევროპის შესახებ ინფორმაციის ამ არხის საშუალებით გავრცელების საჭიროების შესახებ.
2001 წლიდან, როდესაც პუტინი უკვე პრეზიდენტია, რუსეთის ხელისუფლება იწყებს საინფორმაციო-პროპაგანდისტულ მობილიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და თანდათან ზრდის თავის წილს ევრონიუსში. 2015 წლისთვის რუსული სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია ВГТРК გახდა ევრონიუსის 16%-ის მფლობელი. რუსეთის წარმომადგენელი პიოტრ ფიოდოროვი აქტიურად მონაწილეობს როგორც სარედაქციო პოლიტიკის, ისე ფინანსების განკარგვაში. ამასობაში, ევროპარლამენტში და დასავლურ მედიაში უფრო და უფრო ხშირად ისმის შეშფოთება, რომ ევრონიუსი აღარ არის ევროპული ინტერესის გამტარებელი, რადგან არ ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და დიდი ხანია გადაიქცა კრემლის ხმად. ჟურნალისტები იღებენ მუქარის ზარებს მოსკოვიდან და უკმაყოფილო წერილებს - კრემლიდან. ასევე, სულ მალე ირკვევა, რომ არხის მთავარი პრინციპი «ერთიანი ხედვა - სხვადასხვა ხმა» სრულიად დარღვეულია რუსული რედაქციის მიერ და ერთი და იგივე თემაზე რუსული ინტერპრეტაცია განსხვავდება სხვა ენებზე არსებული ინფორმაციისგან.
ევრონიუსის რუსული რედაქციის დარღვევებმა პიკს უკრაინის კონფლიქტისას მიაღწია.
კერძოდ, რუსული რედაქცია არ მიიჩნევს ყირიმს რუსეთის მიერ ანექსირებულად, დონბასში მიმდინარე ომის გაშუქებისას იოლად «პოულობს» მსახიობებს, ვინც უკრაინელებს მოიხსენიებს ფაშისტებად; ტერორიზმში ბრალდებულ მიხაილ ტოლსტიხს, იგივე ''გივის'' დასაფლავების გაშუქებას უთმობს არაადეკვატურად ბევრ დროს და ერთხელაც არ ახსენებს, რომ ის იყო რუსების მიერ დაქირავებული მკვლელი; უკრაინული არმიის მიერ დონბასის აეროპორტის დაკავებას უწოდებს ამბოხებულთა თარეშს, ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მრავალი სხვა.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ევრონიუსის მხოლოდ ინგლისური რედაქცია უწოდებს თვითგამოცხადებულს, თუმცა კრემლისთვის სასარგებლო ფაქტების დამახინჯება ინგლისურ რედაქციაშიც ხდება.
ევრონიუსის რუსული რედაქცია არანაკლებ ამახინჯებს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, რუსეთის დუმაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებს აშუქებს როგორც თავისუფალს და კონკურენტულს, სირიის კონფლიქტისას საგანგებოდ უვლის გვერდს რუსული არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას და შემზარავ შედეგებს და ტრამპს წარმოაჩენს, როგორც რუსეთისთვის ძალიან სასურველ კანდიდატს. მოკლედ, ევრონიუსის რუსული რედაქცია უფრო დახვეწილად, მაგრამ მაინც იმეორებს პუტინის პროპაგანდისტული მედიის შინაარსს.
უკრაინელების არაერთი აღშფოთების ფონზე 2015 წელს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს პუტინის მიერ დევნილი რუსი მილიარდერის მიხეილ ხოდორკოვსკის სასარგებლო განაჩენი და რუსეთის სახელმწიფოს ავალდებულებს ხოდორკოვსკის სასარგებლოდ 50 მლრდ $-ის გადახდას. რუსეთის მთავრობა, ცხადია, არ იხდის ამ ფულს. ამიტომ, 2015 წელს ჰააგის სასამართლო ყინავს რუსეთის აქტივებს ევროპაში, მათ შორის ВГТРК წილს ევრონიუსში.
თუმცა, სულ მალე ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ეგვიპტეს და სხვა საკითხებთან ერთად ევრონიუსის თემასაც აგვარებს. კერძოდ, პუტინის დავალებით ეგვიპტელი მედია მაგნატი ნაგიბ სავარისი (3 მლრდ $, Forbs) ყიდულობს ევრონიუსის 53%-ს და ხდება უმსხვილესი მეწილე. სკეპტიციზმი და უკმაყოფილება ევრონიუსის მიმართ კიდევ უფრო იზრდება.
ამასობაში აღიარებული და ძალიან მომძლავრებული რუსული პროპაგანდის გავლენის ფონზე ევროპარლამენტარები და ევროკომისიაც, ითხოვენ, რომ ერთადერთმა პანევროპულმა ტელე მაუწყებელმა, რომელიც ნაწილობრივ ევროპელი გადასახადის გადამხდელებისგან ფინანსდება, იმუშაოს რუსული დეზინფომაციის წინააღმდეგ. დასავლური ინსტიტუტების მიერ რუსულ დეზინფორმაციასთან ხელებდაკაპიწებული ბრძოლის ფონზე ეგვიპტელი მილიარდერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნას. (The Guardian).
2011 წელს, იანუკოვიჩის მმათველობისდროს დაფუძნდა უკრაინული ევრონიუსი. რუსული გავლენით კი შესაძლებელი გახდა, რომ 2015 წელს უკრაინული რედაქციის დამფინანსებელი გამხდარიყო იანუკოვიჩთან დაახლოებული მაგნატი დიმიტრი ფირტაში. სულ მალე აშშ მოთხოვნით ფირტაში ვენაში დააკავეს და სამი წლის შემდეგ გადასცეს კიდეც ამერიკელებს, რადგან დაუდასტურდა უმსხვილეს ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა.
(Euronews director in CIS countries,Walid Harfouch, used to be the Head of the international department of Viktor Yanukovych’s press service)
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ევრონიუსის დსთ-ს მიმართულებას უკრაინიდან გაძევებული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უცხოური პრესის განყოფილების უფროსი ვალიდ არფუშიხელმძღვანელობს.
უკრაინული კიბერალიანსის მიერ კრემლის ადმინისტრაციიდან ჰაკერობით მოპოვებულ მეილებში ირკვევა, რომ ვალიდ არფუშიდა მისი ძმა არაერთხელ, არაოფიციალურად შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.
შარშან რუსულმა ევრონიუსმა ანტიუკრაინულ კამპანიაში პიკს მიაღწია. აჩვენეს რეპორტაჟი ყირიმელ ბავშვებზე, რომლებიც ნაღმების გაუვნებელყოფაში ვარჯიშობდნენ. ცხადია, არსად იყო ნახსენები ანექსია და უხეშად იყო დარღვეული ბავშვების უფლებები. ევროკავშირში უკრაინის ელჩის აღშფოთება ევრონიუსის რუსული რედაქციის მხრიდან უპასუხოდ დარჩა.
ეგვიპტელი სავარისის ჩართულობის შემდეგ ევრონიუსზე სულ უფრო ხშირად ჩნდება ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებული რეპორტაჟები, სადაც სრულიად იგნორირებულია ძალადობრივი და უსამართლო ხელისუფლებების კონტექსტი. მაგ. საუდის არაბეთის, რუსეთის, თურქეთის ან უზბეკეთის თემები არის ხშირად არაპოლიტიკური, მშვიდობიანი და გასართობიც კი. ევროკომისიაში მაუწყებლობის ასეთ შინაარსს უკვე უწოდეს “პროპაგანდა’’, რასაც კატეგორიულად უარყოფს არხის ხელმძღვანელობა და აცხადებს, რომ ევრონიუსზე გადის მხოლოდ ფაქტები.
2017-ში ევრონიუსის 25% ამრიკულმა NBC-მშეიძინა. რამდენიმე დღის წინ ქართულმა Silknet- მა განაცხადა, რომ მისი დახმარებით ევრონიუსი საქართველოში შემოდის და სულ მალე იწყებს ქართულ მაუწყებლობას.
ნათია კობერიძე, "ინფოარმისთვის"
2019