მძიმე დღეები გამოვიარეთ... არადა სასწავლო წელი დამთავრდა, ბავშვები ზეიმობენ. როცა შეიძლებოდა, ამ დღეებს მხოლოდ საზეიმო განწყობა ჰქონოდა, პრობლემები მეტი დავინახეთ.
დადასტურებულად ვიცით, რომ საქართველოს სამ სკოლაში ზეიმზე ბავშვებს პიონერების წითელი ყელსახვევები გაუკეთეს. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ამ სამიდან ერთი სამრევლო სკოლა იყო. დაბეჯითებით რამის მტკიცება ძნელია, თუმცა ვიცით, რომ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ ეკლესიაზე გადის და თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსულმა რბილმა ძალამ ეკლესიის გავლით სკოლებში შეაღწია, მაშინ აღარც ეკლესია გვქონია და აღარც სკოლა. ეს ჯერ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მაგრამ პრობლემა აქედანვეა დასანახი და გამოსასწორებელი. სკოლის წარმომადგენელმა კი განმარტა, საბჭოთა სისტემა გავაშარჟეთო, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ვნახეთ, ამ პოზიციის დაჯერება ძალიან ჭირს.
ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ფოტოები
საჯარო სკოლებში, რომ ზეიმებზე ბავშვებს წითელი ყელსახვევები უკეთიათ სერიოზული პრობლემაა. დაზუსტებით ჯამში 3 სკოლის შემთხვევა ვიცით, მაგრამ ვინ იცის სინამდვილეში რამდენ სკოლაში მოხდა იგივე და იმ ზეიმების კადრები სოციალურ ქსელებში ვერ მოხვდა?
სკოლების გარდა ყოვლად გაუგებარი ამბავი იყო სტალინის სახლ-მუზეუმში ბავშთა დაცვის დღეს გამართული ღონისძიებაც. ისევ საბჭოთა ატრიბუტიკით... იმავე დღეებში, იმავე გორში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარლა აგვისტოს ომის შედეგად, ქორწილში სტალინის სურათთან ერთად „ძენ პაბედიზე“ და „პატარა გორი დიდიაზე“ იცეკვეს. სტალინის სადღეგრძელო დალიეს და მისი ფიგურა ქრისტეს შეადარეს. როგორც ჩანს იმაზე მეტია სამუშაო ვიდრე წარმოდგვიდგენია...
აქვე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ყველაფერს დაემატა ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ მიერ ყოვლად აღმაშფოთებელი სიძულვილის ენის შემცველი სტატუსი. მისი თანაგუნდელებისა და საზოგადოების პოზიციის მიუხედავად ეს ადამიანი ბოლომდე ებღაუჭება საკრემულოს წევრის სავარძელს და არსად წასვლას აპირებს. საინტერესოა, რომ ის ქუთაისის საკრებულოს წევრის მანდატს ანტიქრისტესთან ბრძოლისთვის პლატფორმად მიიჩნებს (!), მორალის სადარაჯოზე დგას და იმიტომ არ მიდის... სოციალურ ქსელში მისი გვერდი გადაჭრელებულია ქართული ფაშისტური ჯგუფების გავრცელებული კონტენტით, რუსული მირონმდინარე ხატებით და ა.შ. გამოდის, რომ რუსულმა რბილმა ძალამ ეკლესიის გავლით სკოლების გარდა თვითმმართველობის ორგანოებშიც შეაღწია...
არც ის დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლობის დღეს ბათუმის ქუჩებში რუსული დროშების ფრიალიც. მართალია ამ დროშების მოფრიალე ხალხის მომწვევი აჭარის ა/რ განათლების მინისტრი გადააყენეს, მაგრამ მისი კომენტარებიდან ჩანდა, რომ ბოლომდე ვერ მიხვდა, რა პრობლემა იყო დამოუკიდებლობის დღეს ბათუმის ქუჩებში რუსული დროშების ფრიალი...
ფოტო: ბათუმელები / ნეტგაზეთი
სოციალურ ქსელში ამ თემების განხილვისას ორ ძალიან მნიშვნელოვან კომენტარს წავაწყდი და მინდა ორივეს დავეთანხმო. ერთის მიხედვით, ეს ყველაფერი არაა მხოლოდ რუსული პროპაგანდის გავლენა და თავად ჩვენშია სერიოზული მენტალური პრობლემა, რომელზეც ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. დიახ, ასეა.
რუსულ რბილ და უხეშ ძალასთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ის ზედაპირზეა და ვებრძვით, ამ ბრძოლაში კი უფრო მძიმე პრობლემები უკან გვრჩება... მართლაც რომელმა რბილმა ძალამ უნდა აიძულოს მასწავლებელს ამ საუკუნეში თავის მოსწავლეს წითელი ყელსახვევი გაუკეთოს?! ან რომელმა რბილმა ძალამ უნდა აიძლოს მშობელი ამ ყველაფერს მშვიდად უყუროს, თითქოს არაფერი მომხდარა?!
მეორე კომენტარი ამბობდა, რომ საზოგადოების ნაწილს ცივი წყალი გადაგვასხეს და „ბაბლი“ გაგვიხეთქეს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი შენიშნვნაა. შეიძლება ბევრს გვგონია, რომ რუსული რბილი ძალა კი ბევრს ცდილობს, მაგრამ ბევრიც არაფერი გამოსდის. ანტისაოკუპაციო განწყობები ძლიერია, განათლებული ახალგაზრდობა მოდის, რომელიც ამ რეალობას არ შეეგუება და ა.შ.,
მაგრამ იღვიძებ და თურმე „ბაბლში“ ხარ. თურმე რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ძალა მარტო კი არ გებრძვის, გიმორჩილებს კიდეც და ამაში თავად შენ ეხმარები. ეხმარები შენი უმეცრებით, კონფორმიზმით, შენი „მერე რა მოხდა, დიდი ამბავით“ და მსგავსი უპასუსისმგებლო დამოკიდებულებით.
ამიტომ საჭიროა პრობლემას უფრო ფართოდ შევხედოთ. „ბაბლიდან“ თავად გამოვიდეთ და არსებულ მძმე რეალობის ობიექტური შეფასება დავიწყოთ. იქნებ მერე მაინც ავიცილოთ თავიდან წითელი ყელსახვევები, სტალინის სურათთან ცეკვა და რუსული დროშები ჩვენი ქალაქების ქუჩებში...
დავით ბრაგვაძე, ინფოარმისთვის