ალექსანდ დუგინზე გსმენიათ რამე? ის თავისი ფაშისტური მსოფლხმედველებით გამორჩეული რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსია. თუმცა მთავარი ისაა, რომ დუგინი დაახლოებული კაცია კრემლთან და რუსულ სამხედრო ელიტასთან. პრინციპში, არც ისაა საიდუმლო, რომ დუგინი კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. ამიტომ სულ ერთი არაა რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს...
სანამ მთავარ სათქმელამდე მივალთ, ისიც გავიხსენოთ, რომ დუგინი გენადი სელესზნიოვის[1] მრჩეველი იყო. ახლა კი სერგეი ნარიშკინის[2] მრჩეველია. სელეზნიოვი დღეს შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ ნარიშკინი რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფია და მისი მრჩევლობა, ხუმრობა საქმე ნამდვილად არაა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს დუგინის პერსონის მნიშნელობაზე.
ნიშანდობლივია, რომ 80-იანი წლებში დუგინი ანტიკომუნისტი იყო, თუმცა როგორც ჩანს შემდეგ მკვეთრი ტრანსფორმაცია განიცადა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ის აქტიურად ეხმარებოდა გენადი ზიუგანოვს კომუნისტური პარტიის განახლებაში. ასევე დააფუძნა ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია. გახდა ნაციონალ-ბოლშევიკური ფრონტის ლიდერი. ეს პლატფორმა თავის თავში ჰიტლერისეულ ნაციონალ-სოციალიზმსა და საბჭოთა ბოლშევიზმს აერთიანებდა (ჰუმანისმის ზეიმია პირიდაპირ). 2002 წელს, მისი ძალისხმევით დაფუძნდა ევრაზიული პარტიაც. აქვე შევნიშნოთ, რომ „ევრაზიანიზმი“ რუსული პოლიტიკისთის ახალი იდეა არაა და საკმაო ხანია მისთვის თეორიულ ნიადაგს დუგინი და მისი თანამოაზრეები ამზადებენ. მოკლედ, პუტინის მთავარი იდეის ხორცშესხმაზე მუშაობენ.
ორიოდე სიტყვა დუგინის რწმენაზეც. ის, ექვსი წლის ასაკში მიჩურინსკის ტაძარში დიდ ბებიას, ელენა მიხაელოვნა კარგალცევას მოუნათლავს. თუმცა, 1999 წლიდან, დუგინი, ოფიციალურად განუდგა მოსკოვის საპატრიარქოს და ძველმოწესეებს[3] შეუერთდა. დუგინის მსოფლმხედველობა ტრადიციულ სლავურ რწმენებთან თანაზიერებასაც გულისხმობს, ისეთ ნეოპაგანურ მიმდინარეობასთან როგორიც როდნოვერიეა (Роднове́рие), განსაკუთრებით კი მისი განშტოებები ანასტასიიზმი (Анастасиизм) და ინგლიიზმია (Инглии́зм). მოკლედ რომ ვთქვათ, დუგინი ცდილობს საკუთარ თავში გააერთიანოს მთელი რუსული ტრადიციული რწმენა, რაც ალბათ შემთხვევითი არაა, რა რუსული სულიერების განსაკუთრებულობას მეტად უსვამს ხაზს. თუმცა იცის რა, რომ ამ ეტაპზე ძველმოწესეობისა და ნეოპაგანური რწმენების იმპორტი შეუძლებელია, გეოპოლიტიკურ ასპექტში ისევე უჭერს მხარს მოსკოვის საპატრიარქოს და მართლმადიდებულური ერთობის იდეას, როგორც ევრაზიანიზმს.
რატომ გავაკეთეთ ეს შესავალი? ჩვენმა მკითხველმა მინდა უკეთ გაიგოს დუგინისა და მისი მსოფლმხედველობის შესახებ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის, პუტინის კარზე უბრალო კაცი არაა. კრემლში მის სიტყვას დაეჯარება.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში დუგინის ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ის ეგზალტირებული მასის წინაშე სიტყვით გამოდის და საქართველოზე გამარჯვების ერთადერთ ფორმულად თბილისში ტანკებით შემოსვლას სახავს. ეს ვიდეო 2008 წლის 10 აგვისტოსაა გადაღებული. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა მისი საბოლოო შედეგი. და ამ გაგანია ომში, დუგინი საჯარო გამოსვლისას ქართველებს ადანაშაულებს ყველა საშინელებაში, რაც ადამიანმა/ერმა შეიძლება ჩაიდინოს. ოსი ხალხის გენოციდში, ქალებისა და ბავშვების უმოწყალო დახოცვაში და ა.შ. იმასაც დასძენს, ამის შემდეგ ქართველებმა დაკარგეს უფლება ხალხად/ადამიანებად იწოდებოდნენო. ისინი ადამიანები აღარ არიან, ამიტომ თბილისში ტანკებით შესვლა და საქართველოს სრული ოკუპაცია ჩვენი გამარჯვების ერთადერთი ფორმულააო. იმასაც ამბობს, ამის შემდეგ უნდა ავასრულოთ აფხაზებისა ოსების ნატვრა, რასაც წლებია გვემუდარებიან და ისინი ჯერ დამოუკიდებლებად ვაღიაროთ, შემდეგ კი რუსეთის შემადგენლობაში მივიღოთო.
2008 წლის 10 აგვისტოა. ტემპერატურა ძალიან მაღალია. ამ დროს დუგინს ალბათ ეგონა, რომ ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც მას სურდა და კრემლის რეალური განზრახვები არ დაუმალავს. საქართველოს სრული ოკუპაცია. ეს იყო რუსეთის მიზანი 2008 წელს და ესაა მიზანი 2019 წელსაც. დუგინის ნათქვამიდან ყველაფერი არ ახდა, მარგამ ამ სიტყვებიდან დიდი დრო არ გასულა და კრემლმა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახემწიფოებად აღიარა.
მოხდა ის, რითიც რუსები დიდი ხანი გვაშანტაჟებდნენ. მეორე ნაწილი, რომ მათ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ, დღეს თითქოს აქტუალობადაკარგულია, რადგან ამით შანტაჟი მაინცდამაინც აღარ გამოდის. ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არსებული რეალობა შეიცვალა, კრემლის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებულ, თუ უშუალოდ მიერთებულ ტერიტორიებს მაინც დავიბრუნებთ. ამ მიმართულებით რუსებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის ფრონტი გაგვიხსნეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით უფრო ეფექტიანად ახდენენ ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილიზმის, უიმედობისა და დაუცველობის განცდის კულტივაციას.
უბრალოდ, ჩვენ ამ ყველაფერის მერე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრემლს საქართველოს მიმართ პოზიტიური დღისწესრიგი ვერ და არ ექნება. კრემლი ასე არ მუშაობს და არ ფიქრობს. კრემლი ფიქრობს ისე, როგორც დუგინი 2008 წლის 10 აგვისტოს.
პ.ს. 2008 წლის აგვისტოში ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩა. დუგინიც მიხვდა, რომ (ჯერჯერობით მაინც) Танки на Тбилиси! აღარ გამოდის. ამიტომ შემდეგში არაერთხელ თქვა, საქართველოში (თუ „დასავლეთის“ დამარცხება გვინდა) პრო-ქართული ძალები უნდა გავაძლიეროთო. მართლაც თუ დააკვირდებით, ეს ე.წ. პრო-ქართული ძალები იქცნენ ჩვენთან კრემლის მთავარ დასაყდნენ ძალად. პატრიოტთა ალიანსი ჰქვიათ და ქვეყნის უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე დატოვება უნდათ. დაუფარავად ითხოვენ ქვეყნის სამხედრო მიუმხროვლობის ხაფანგში გაბმას და ამ მიზნით აქციებსაც ატარებენ. აქვე პაკლონნაია გარაზე მუხლმოყრილი ნინო ბურჯანაძეც გაცოცხლა, პარტია განაახლა და მანაც გამოგვიცხადა, რომ ქართულ საქმეს ემსახურება... თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ კრემლი ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც დუგინი 2008 წლის 10 აგვისტოს, ამიტომ ამ ყველაფერს უფრო მომზადებულები შევხვდებით...
თუ როგორ შეცვალა დუგინმა თავისი, 2008 წლის პოზიცია და გზავნილები აქვს უკვე დღეს, 2019 წლის მაისისთვის, შეგიძლიათ იხილოთ აქ:
დავით ბრაგვაძე,
"ინფოარმისთვის"
[1] რუსეთის სახემწიფო სათათბიროს (დუმა) სპიკერი 1996-2003
[2] პუტინის პარტია ერთიანი რუსეთის (ЕДИНАЯ РОССИЯ) ერთ-ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი. 2016 წლიდან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსია (Слу́жба вне́шней разве́дки Российской Федерации (СВР России)
[3] старове́ры or старообря́дцы - რელიგიური დაჯგუფება რუსეთში, რომელიც უარყოფს რუსულ ეკლესიაში 1652-66 წლები გატარებულ რეფორმას. ეს დაჯგუფება რუსეთის ეკლესიის სინოდმა 1666 წელს ანათემას გადასცა.