უკან დაბრუნება

ჩვენი ადგილი ჩრდილოეთის მზის ქვეშ არ არის!

26 მაისი 2019

დღეს 26 მაისია. საქართველოს უახლესი ისტორიაში (ალბათ) ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. დღე, რომლის მნიშვნელობასაც ბოლომდე ჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ და რომელიც ყველა იმ იდეალს აერთიანებს, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო უნდა ემყარებოდეს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხორცშესხმაა. იმ იდეის, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე ვერ ეგუება და ყველაფერს აკეთებს მისი მარცხისთვის. ამიტომ, ამ საზეიმო დღეს, მსურს კვლავ რუსეთზე გელაპარაკოთ.

დღეს მავანი ამტიკიცებს, რომ დასავლეთში ჩვენთვის ადგილი ვერ მოიძებნა და თავი ისევ ჩრდილოეთის მზის ქვეშ უნდა დავიმკვიდროთ. თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიას მათთვის სხვა პასუხი აქვს. რუსეთთან დაახლოება საქართველოს ისტორიაში არაერთმა მმართველმა სცადა. მოდით, მოკლედ გადავავლოთ თვალი, რა მოგვიტანა რუსეთთან დაახლოების მცდელობებმა და მასთან გაფორმებულმა შეთანხმებებმა.

ისტორია შორეულ 1186 წელს იწყება, როდესაც სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, ვლადიმირის ყოფილი მთავარი იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკი საქართველოში თამარ მეფის თანამეცხედრედ მოიწვიეს და გიორგიც კი უწოდეს. ქართული საისტორიო წყაროები მასზე კარგს არაფერს წერენ. თამარისა და გიორგი რუსის ქორწინება 1, მაქსიმუმ 2 წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც სამეფო კარიდან გააძევეს. განაწყენებული იური ორჯერ აჯანყდა თამარის წინააღმდეგ და ორივეჯერ დამარცხდა.

ოსმალეთისა და სპარსეთის გავლენისგან თავის დასაცავად რუსეთთან კავშირის დამყარება კახეთის მეფე ალექსანდრე მეორემაც სცადა. ამ მიზნით მან 1587 წელს რუსეთთნ ხელშეკრულებაც კი გააფორმა. 1798 წელს მან რუსეთისგან მფარველობის ოფიციალური დადასტურება „წყალობის სიგელი“ მიიღო. ისე „წყალობა“ საკვანძო სიტყვაა აქ. მიუხედავად ამ მფარველობის გარანტიებისა, ალექსანდრე მეორეს რუსეთისგან ქმედითი დახმარება არასოდეს მიუღია.

XVIII საუკუნეში რუსეთისგან დახმარების მოლოდინი ქართლის ორ მეფეს; ვახტანგ მეექვსეს და თეიმურაზ მეორეს ჰქონდათ. ორივე მათგანი ცდილობდა ჩრდილოეთით მდებარე ქრისტიანულ სამეფოსთან მჭირდრო კავშირი დაემყარებინა. ორივე ამ დახმარების იმედად გაემგზავრა რუსეთში. ვახნტანგ VI-ემ თან თითქმის მთელი განათლებული ქართველობა გაიყოლა, თუმცა სიცოცხლე 1737 წელს  ასტრახანში ისე დაასრულა, რომ რუსეთისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. იგივე ბედი ეწია თეიმურაზ მეორესაც, რომელიც 1767 წელს სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა.

 

ვახტანგ მეექვსე

რუსეთში ხსნას თეიმურაზ ვაჟი, ერეკლე მეორეც ხედავდა. თუმცა მის მიერ მოწვეულმა რუსულმა ჯარმა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით 1770 წელს ის აწყურთან მიატოვა და თბილისისკენ წამოვიდა. ქართლ-კახეთის რუსეთისთვის მიერთების ჩჩ ჩანაფიქრით. მაშინ ტოტლებენს ეს არ გამოუვიდა, რადგან ერელემ ასპინძის ბრძოლა მის გარეშეც მოიგო.

მიუხედავად ამ მწარე გამოცდილებისა, ერეკლე მეორემ 1783 წელს რუსეთთან ავადსახსენებელი გეორგიევსკის ტრაქტატი მაინც გააფორმა. რუსეთისგან უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების მიღების სანაცვლოდ მან ქართლ-კახეთის სუვერენიტეტის სოლიდური ნაწილი დათმო. თუმცა ნაწილი რუსეთისვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რისი საბოლოო შედეგიც 1801 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტი და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთისთვის ძალადობრივად მიერთება იყო.

1801 წლის მწარე გამოცდილების მიუხედავად, 1804 წელს იგივე შეცდომა დაუშვა იმერეთის უკანასკნელმა მეფე სოლომონ მეორემაც. მან სოფელ ელაზნაურში შეთანხმება გააფორმა გენერალ ციციანოვთან (ისე ადრე ციციშვილი იყო), რისი შედეგიც რუსეთის მიერ 1810 წელს რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს მიერთება აღმოჩნდა. თავად სოლომონი კი ტრაპზონში, დევნილობაში გარდაიცვალა.

ეტაპობრივად რუსეთმა ყველა ქართული სამთავრო გააუქმა. ქართული სამეფო ოჯახის წევრები კი რუსეთში გადაასახლეს. იმპერიულ პერიოდში რუსიფიკაციის პოლიტიკა იმდენად ძლიერი იყო, რომ არა ილია ჭავჭავაძისა და ე.წ. სამოციანელთა თაობის ძალისხმევა, დღეს შეიძლება ქართულადაც ვერ გველაპარაკა.

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ 1811 წელს რუსებმა ძალადობრივად გააქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც და ის რუსეთის ეკლესიას მიუერთეს. ასეთი რამ ქართველებს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთმორწმუნე რუსებმა გვაკადრეს.

ამ ყველაფერს მოჰყვა სრულიად საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცევა, რისგან თავის დახსნაც ქართველებმა მცირე ხნით მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეძლეს. 1918 წლის 26 მაისს კი ახალი საქართველო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიბადა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფალნი აცნობიერებდნენ, რომ ბოლშევიკური რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას დიდხანს არ შეეგუებოდა და ცდილობდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება მოეპოვებინათ. ამ გზაზე, მნიშვნელოვნად მიაჩნდათ რუსეთის მხრიდან აღიარების მოპოვებაც. 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. თუმცა 1921 წლის დასაწყისშივე დაარღვია დადებული პირობა და საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი აიღეს, მარტში კი საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეიწყვიტა. დაიწყო 70 წლიანი ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდი.

70 წლიანმა ბოლშევიკურმა ოკუპაციამ მოიტანა 20-30-იანი წლების სტალინური რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 10 ათასობით ქართველი, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წელს ქართული ენის სრულად გაქრობის მცდელობა, 1989 წლის 9 აპრილი და კიდევ მრავალი ტრაგედია. რაც მთავარია, საბჭოთა ოკუპაციამ დაგვიტოვა ყველაზე საშიში ფენომენი, კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია.[1]

1991 წელის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა დაკარგული დამოუკიდებლობა. ცხადია, რუსეთი არც ამას შეეგუა და ახალდაბადებულ სახელმწიფოს ყველა შესაძლო პრობლემა შეუქმა. მათ შორის დაიწყო კონფლიქტის ესკალაცია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ედუარდ შევარდნაძემ ჩათვალა, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. 1992 წლის 24 ივნისს სოჭში შევარდნაძისა და ბორის იელცინის მიერ ხელი მოეწერა ე.წ. დაგომისის ხელშეკრულებას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავდა მიზნად. რა იყო ამ ხელშეკრულების შედეგი? საქართველომ ვერ შეძლო ცხინვალის რეგიონში იურიზდიქციის აღდგენა. 2 თვეზე ნაკლებ დროში კი, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო. თავად განსაჯეთ...

საქართველოს ვერც 1993 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებამ უშველა, აფხაზეთზე კონტროლი მაინც დაიკარგა. დსთ კი მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დავტოვეთ.

რუსეთთან კიდევ ერთი ხელშეკრულება 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა, რომელის ძალითაც რუსული ჯარები ახლა როკის გვირაბის იქით უნდა იდგენენ, თუმცა ყველა ვხედავთ რომ ასე არაა. რუსეთმა არც ის ხელშეკრულება შეასრულა, რომლის შუამავალიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტია.

2012 წელს საქართველომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცხადია, მოვლენები არც აქ განვითარებულა სხვაგვარად. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, მაგრამ ჩვენს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

არაფერი ისე არ უხდება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ისტორიას, როგორც ფრთიანი ფრაზა, რომ "რუსეთთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას იგივე ფასი აქვს რაც იმ ქაღალდს, რომელზეც ეს ხელშეკრულება იწერება."

ჩვენ დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალი საქართველოს დაბადებას ვზეიმობთ, ამიტომ ჩვენი ადგილი ჩრდილოეთის მზის ქვეშ არ არის. ჩვენ ბედნიერი ადამიანები ვართ, რთულ, მაგრამ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. რაც მთავარია, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც არაერთი თაობის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი და ახდენილი ოცნებაა. სწორედ ჩვენ გვერგო პატივი ამ დროში გვეცხოვრა, ამიტომ „საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“[2] აუცილებლად შეძლებს ყველა იმ მიზნის მიღწევას, რომლისკენაც მიისწრაფვის. ჩვენ კი ვეცდებით წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

 

დავით ბრაგვაძე

ინფოარმისთვის

Top of Form

 

 

[1] „არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“. ჯავაჰარლალ ნერუ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1947-64

[2] საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 9 აპრილი

გაზიარება