უკან დაბრუნება

ფაშისტები ფაშიზმზე ბოლშევიკების გამარჯვებას ზეიმობენ?!

11 მაისი 2019

“Фашисты будущего будут называть себя антифашистами.” – Уинстон Черчиль

„უკვდავი პოლკების“ მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების „სისხლისმღვრელი ბრძოლების“ ფონზე არავის არ მოუვიდა აზრად იკითხოს, რატომაა ამ ფორმით 9 მაისის აღნიშვნა მიუღებელი ერთი მხარისთვის და აუცილებელი - მეორისთვის? ასევე, თუ ვზეიმობთ, ვისთან ერთად, ვინაა თანამოაზრე? ხოლო, თუ ვეწინააღმდეგებით ასეთი ფორმით ამ დღის აღნიშვნას, ვინაა მოწინააღმდეგე? მგონი ლოგიკურია და, თუ ასეა, გავცეთ პასუხი ამ კითხვებს.

მაშ ასე, „უკვდავი პოლკების“ მომხრეები, როგორც თვითონ აცხადებენ, აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვებას. გასაგებია და მისასალმებელი. ახლა ვიკითხოთ, ვინაა ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი? რა თქმა უნდა - კრემლი და მისი მეთაური. რაკი ეს გავარკვიეთ, აქ შევჩერდეთ და ახლა გავარკვიოთ ვისზე გაიმარჯვეს. გასაგებია, რომ ფაშიზმზე, მაგრამ რა არის ეს ფაშიზმი? ხომ არ არსებობდა მისი სხვა ფორმით აღორძინების საშიშროება? ამის გასარკვევად კი სპეციალისტია საჭირო და მივმართოთ აღიარებულ ექსპერტებს.

ფაშიზმის 14  ნიშანი

სიტყვა „ფაშიზმი“ თანამედროვეობის ერთ-ერთი მითოლოგიური ტერმინია და პოლიტიკოსები ცდილობენ მის მორგებას ყველანაირ ცუდზე. მაგალითად, აფხაზეთში კონფლიქტის დროს ნაალაფარი აფხაზურ-რუსული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ისინი ებრძოდნენ «ГРУЗИНО-ФАШИСТСКИЕ ВОЙСКА»-ს. ახლა უკრაინაში ებრძვიან უკრაინელ ფაშისტებს. სამარცხვინო ბოძზე აკრავენ ლატვიელ, ესტონელ, ლიტველ „ფაშისტებს“ და ა.შ. ვინაიდან რუსების და აფხაზების იდეოლოგებს კარგა ხანია ჭკუა არ მოეკითხებათ, მივმართოთ ჭკვიან ხალხს. ასეთებია იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო და ცნობილი რუსი მწერალი ბორის სტრუგაცკი. მათ ჩამოაყალიბეს ფაშიზმის 14 ზოგადი ნიშანი. დაკვირვებით თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ საუბარია არა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ, არამედ ამ ბოლო წლებში ჩვენს გვერდით აღზევებულ იდეოლოგიასთან, რომელმაც შვა „უკვდავი პოლკი“ და მთლად გამოაჩერჩეტა მრავალმილიონიანი მოსახლეობა. რა ნიშნებზეა საუბარი? მივყვეთ თავიდან:

1. ტრადიციის კულტი  

ტრადიციონალიზმი უძველესი ცნებაა და მას შეუძლია იარსებოს ფაშიზმის გარეშეც, მაგრამ ამ უკანასკნელს ტრადიციონალიზმის გარეშე „ცხოვრება ვერ წარმოუდგენია“. ფაშისტური მოძრაობები აქტიურად იყენებენ და ეყრდნობიან უძველეს სიმბოლოებს, ხალხურ რიტუალებს, ლეგენდებს, მითოლოგიას. განსაკუთრეებული ადგილი უჭირავს ტრადიციული ოჯახური
„სიწმინდის“ ქადაგებას. ნებისმიერი გადახრა მიუღებელია და სასტიკად ისჯება  

  ტრადიციული არიული ოჯახი. გერმანია 1930-იანი წლები 

ტრადიციული არიული ოჯახი. გერმანია 1930-იანი წლები

2.თანამედროვეობის მიუღებლობა

ფაშისტებისთვის მიუღებელია ახალი ტექნოლოგიები, მტრულად არიან განწყობილი სიახლეებისადმი, თუმცა ცდილობენ მათი სიკეთით ისარგებლონ და გამოიყენონ პროპაგანდისტულ მიზნებში: „აი, მხოლოდ ჩვენი ხალხის გენიას შეეძლო შეექმნა“ და ა.შ. მათთვის მიუღებელია საღი აზრი. სტრუგაცკის განმარტებით კი ფაშიზმი არის ფეოდალიზმი, რომლის განვითარება შეჩერდა.

3.ქმედება ქმედებისათვის

ფაშისტები აგდებულად ეპყრობიან ინტელექტუალებს, ვინაიდან ვერ იტანენ საკუთარი ქმედებების შესახებ დასმულ კითხვებს: „რა მიზნით?“„რატომ?“ მათ არ უნდათ ლოგიკური ახსნა მოუძებნონ ამა თუ იმ საქციელს. მარშები (რუსული მარში, უკვდავი პოლკი და სხვ.), რომლებიც მოედო მთელ მსოფლოს და სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, „პოგრომებად“ წოდებული დარბევები ეროვნული ან რელიგიური ნიშნით, სიმბოლოები („გეორგიევსკაია ლენტა“), უნიფორმები, პომპეზური მშენებლობები, პომპეზური ჯილდოები. ყველაფერ ამას რაციონალური ახსნა არ გააჩნია და ერის მტრადაა შერაცხული ყველა, ვინც დასვამს კითხვას.

4. არ ეთანხმები? მოღალატე ხარ!

ფაშიზმი ვერ იტანს პლურალიზმს. ვინაიდან ჭეშმარიტება დოგმატიკოსებისთვის ერთადერთია, ყველა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ დოგმას, მტერია და მოღალატე. ასეთი კატეგორიულობა დამახასიათებელია როგორც ადრინდელი ფაშისტებისთვის, ისე დღევანდელი  რუსი პროპაგანდისტებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სახელმწიფო ტელევიზიები.

5. ქსენოფობია („ჩვენები“ და „უცხოები“)

ეს უძველესი მხეცური ინსტინქტი - დაყოფა „ჩვენებად“ და „უცხოებად“, ყველანაირი უცხოს, საზღვარგარეთულის, გამოუცნობის, არაჩვეულებრივის, არანორმალურის  სიძულვილი ქმნის ფაშიზმის ჩასახვისთვის ნოყიერ ნიადაგს. რასიზმი, ანტისემიტიზმი, ჰომოფობია, უცხო კულტურისადმი მტრული დამოკიდებულება ფაშიზმის „სამარკო ნიშანია“ და უცხო არც დღევანდელი რუსეთისთვისაა. სტრუგაცკი განმარტავს, რომ კრემლის პროპაგანდა არაჩვეულებრივი ხალისით აწებებს მთელ ერებს არამზადის, ბრიყვის, ყაჩაღის იარლიყს.

6. მასების გაღიზიანება

ფაშისტური მოძრაობა ოსტატურად იყენებს მოსახლეობის გაჭირვებას საკუთარ მიზნებში. განსაკუთრებით პარაზიტირებს ერის დამცირებაზე. გერმანელმა ნაცისტებმა ამ მიზნით გამოიყენეს გერმანელი ერის დამცირებული მდგომარეობა, შექმნილი პირველი მსოფლიო ომის შედეგად. ანალოგიურ მდგომარეობაში რუსი ერის ჩასაყენებლად ბოლო ოცი წელი მიმდინარეობს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით რუსი ერი დაამცირეს, დააჩოქეს, განვითარების პერსპექტივა დაუკარგეს და ა.შ.

7. ნაციონალიზმი და შეთქმულების თეორია

საზოგადოება, რომელიც დაავადებულია არასრულფასოვნების კომპლექსით, ფაშიზმში ხედავს სამკურნალო საშუალებას, ვინაიდან მხოლოდ ეს მოძრაობა აღძრავს მასში სიამაყის გრძნობას ამ ქვეყანაში დაბადების გამო. პატრიოტიზმის იდეა ეფექტურად მუშაობს გარეშე მტრების არსებობის შემთხვევაში, სხვანაირად აზრს კარგავს (რა აზრი აქვს უგულშემატკივრო ფეხბურთის გუნდს, რომელიც არასრდოს არავის არ ეთამაშება?). ამიტომ ფაშიზმის საფუძველშივეა ჩადებული შეთქმულების იდეა. ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ მტრების გარემოცვაშია. ამ განწყობის გაღვივებაში ეფექტურია ქსენოფობია, ვინაიდან ადამიანები ადვილად იჯერებენ იმათ არამზადობას, ვისაც ისედაც ვერ იტანენ. შეთქმულება შეიძლება იყოს საერთაშორისო ან საშინაო, ან „კომპლექსური“. ამ პოლიტიკის წყალობით რუსეთმა გადაიკიდა მთელი სამყარო, ნორმალური ქვეყნების მეთაურებს მასთან ურთიერთობა აღარ სურს, ამიტომ მოსკოვში მორიგი ყოველთვიური გასამრჯელოს მისაღებად ჩასული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტების“ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან პიარდება, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში.    

8. მტრის ურთიერთგამომრიცხავი ნიშნები

მტერი უნდა გამოიყურებოდეს ერთდროულად ძლიერად და სუსტად. ის შეიძლება იყოს მდიდარი, უფრო განვითარებული, კარგად შეიარაღებული და ამასთან ერთად მოსულელო და ლაჩარი. მტერში „ჩადებულია“ პატრიოტების გამამხნევებელი ნიშანი, როცა უფრო სუსტი, მაგრამ უფრო ეშმაკი და გაბედული საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში ხალხი დარწმუნებულია, რომ სერიოზული ხიფათი ელის, მაგრამ გამარჯვებული დარჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა რუსული პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოაჩენენ მდიდარ სულელად, შეიარაღებულ ლაჩრად. ემუქრებიან, რომ გადააქცევენ „რადიოაქტიურ ფერფლად“, მიდის ტელეარხებზე არარსებული რუსული „განკითხვის დღის“ იარაღის პროპაგანდა, მულტფილმების დემონსტრირება და ა.შ.

9.ომის კულტი

მშვიდობიანი ფაშიზმი უაზრობაა. ომი ცხოვრების აზრია. პაციფიზმი მტერთან დაძმობილებას ნიშნავს. ფაშისტური რეჟიმის ცხოვრების ყველა სფერო მილიტარიზებულია - სამხედრო აღლუმები, გმირი მეომრების მონუმენტების აგება, სამხედრო მრეწველობის აყვავება, ბავშვების მომზადება ომისთვის.

 

პირველ ორ ფოტოზე გერმანელი ბავშვები 1930-იან წლებში. მომდევნო ორ ფოტოზე თანამედროვე რუსეთი.

10. ძალისა და ხელისუფლების კულტი

„დიადი ერის“ იდეა თავისთავად გულისხმობს ერთი ხალხის უპირეტესობას სხვებზე. თუ ჩვენი ხალხი ყველაზე ძლიერია, სულიერად ამაღლებულია, მაშინ სხვა ხალხები ამ მხრივ სუსტები, უსუსურები, არასრულფასოვნები არიან. ასეთი მიდგომისას ერთი ხალხი აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო მეორე - ზიზღს. თუ საზოგადობას დასაშვებად მიაჩნია ასეთი მიდგომა, მაშინ ამ საზოგადოებაში ხდება ელიტარული იერარქიის ფორმირება, რომელიც ძალას ეყრდნობა და ზიზღით უყურებს სუსტს. ზემდგომებს აქებენ და ადიდებენ, ხოლო ქვემდგომებზე ფეხებს იწმენდენ.  აღნიშნული არაფორმალური სიტუაციის დაკანონება უკვე სცადეს რუსეთში ე.წ. „სოსლოვიების“ შემოღებით.  

11. გმირობისა და სიკვდილის კულტი

ფაშისტურ საზოგადოებაში გმირობა ნორმაა. თითოეული ადამიანი ვალდებულია გმირი იყოს და თუ საჭირო გახდა, სამშობლოსთვის თავი გაწიროს. მიმდინარეობს პიარაქციები გმირების „შესაქმნელად“.ვინც გაცნობილია მესამე რაიხის ისტორიას და მის კულტებს, ადვილად მიხვდება რუსული იდეა „უკვდავი პოლკის“ შესახებ საიდან მოდის. ეს იდეა დაბადებულია გერმანულ „ანენერბეში“, რაც წარმოადგენს „წინაპართა მემკვიდრეობას“. ეს იყო ოკულტური ინსტიტუტი საკმაოდ ბოდვითი იდეებით. ამ იდეებიდან „უკვდავმა პოლკმა“ აიღო მთავარი - „ჩვენი მკვდრები ჩვენთან ერთად არიან ერთ მწყობრში“... წარსულის გარდაცვლილ გმირთა მასობრივი მსვლელობა. მოკლედ, არაფერი ორიგინალური (ექსკლუზიური) რუსულ „უკვდავ პოლკში“ არ არის. ეს იდეაც, როგორც ავტომობილ „ოპელის“ ნახაზები, გერმანელებს მოპარეს.

12. მამაკაცურობის კულტი

ფაშიზმს მამაკაცის სახე აქვს. ფაშიზმი, ეს აგრესიული იდეოლოგიაა, ბრუტალური მაჩოს, ალფა-ხვადის სახით. ეს სახე უნდა ჰქონდეს ფაშისტთა ბელადებს. ჯენტლმენები მიუღებელია. ქალურობა, ისევე როგორც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მიუღებელია. ამ სახეს დიდი მიმზიდველობა გააჩნია, ვინაიდან ეფუძნება ჯოგური ყოფისა და გამრავლების მხეცურ ინსტინქტებს.

                                         

13. შერჩევითი პოპულიზმი

ფაშიზმი თავისი არსით პოპულისტური იდეოლოგიაა, ხშირად პრიმიტივისტული. გაწუხებთ მიგრანტები? გაყარეთ! გაღიზიანებთ ახალმოდური რაღაცეები? აკრძალეთ ახალმოდური რაღაცეები! გაზეთში ქვეყნდება არაპატრიოტული სტატიები? დახურეთ რედაქცია! არ მოგწონთ გეები? აკრძალეთ ჰომოსექსუალიზმი! მოგბეზრდათ ებრაელთა შეთქმულება? შეყარეთ საკონცენტრაციო ბანაკებში! ამასთან, ფაშისტები საკუთარ ქმედებას ხსნიან ხალხის ნების გამოხატვად. ამიტომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ხალხის მტრის იარლიყს აკრავენ.

14. ახლებური მეტყველება და ცნებათა აღრევა

ფაშისტებს ახასიათებთ მარტივი მეტყველება, რაც გამოიხატება რთული და ძნელად ასახსნელი მოვლენების პრიმიტიულად მარტივ განმარტებაში. მაგალითად სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა „მშვიდობის დამყარება“, ანექსია, „ადგილობრივი მოსახლეობის ნების გათვალისწინება“ და ა.შ.

დაბოლოს, ბორის სტრუგაცკი  და უმბერტო ეკო ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი შეიძლება მობრუნდეს ფაშიზმთან ბრძოლის სახით. რუსეთი ამის მაგალითია.

   უმბერტო ეკო ,იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალია

ბორი სტრუგაცკი,

ცნობილი რუსი მწერალი, სამეცნიერო ფანტასტი;  

 

სტატიის ავტორი:

რომან ჭელიძე, 

უშიშროების პოლკოვნიკი, ამჟამად პენსიონერი; სპეციალურად "ინფოარმისთვის"

 

 

გაზიარება