უკან დაბრუნება

რატომ არ უნდა მოგვწონდეს „გეორგიევსაია ლენტოჩკას“ ჩვენს ქუჩებში ფრიალი

10 მაისი 2019

ბოლო წლებია  „გეორგიევსკაია ლენტოჩკა“ საქართველოშიც გამოჩნდა. მას ძირითადად რუსი ტურისტები იყენებენ. ბევრი მათგანი საქართველოში საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდება, ეს ლენტი კი სარკეზე აქვთ ჩამოკიდებული, ან საქარე მინაზე სტიკერად მიკრული. ამ შავ-ნარინჯისფერ ლენტს ხშირად იხილავთ სტალინის დაბადებისა, თუ გარდაცვალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, 9 მაისს და ა.შ. დღემდე ბევრმა არ იცის მისი სიმბოლური დატვირთვა და ამიტომ არც ის ესმით რატომაა საზოგადოების ნაწილითვის მისი გამოყენება კატეგორიულად მიუღებელი.

საბჭოთა პერიოდში ეს ლენტი, როგორც სიმბოლო არ გამოიყენებოდა, თუმცა ის იყო შემადგენელი ნაწილი მედლისა „გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად დიდ სამამულო ომში 1941-1945“.[1] საბჭოთა პერიოდში არსებობდა ე.წ. გვარდიის ლენტაც[2], რომელიც  სსრკ-ის სახელმწიფო ჯილდოს, გვარდიის მედლის შემადგენელი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მედალში ლენტი ზუსტად იდენტურია, მან სახელი არა საბჭოთა სიმბოლიკიდან, არამედ რუსეთის იმპერიული წმინდა გიორგის ორდენისგან მიიღო. სავარაუდოა, რომ საბჭოთა ფალერისტებმა[3], სწორედ წმინდა გიორგის ორდენის ბაზაზე შექმნეს ეს ორი მედალი.

ლენტის თანამედროვე ისტორია 2005 წლიდან იწყება, როდესაც რია ნოვოსტის კამპანიის ფარგლებში ის მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსნოვნის სიმბოლოდ გამოცხადდა. ის ძალიან მალე გახდა მისაღები სიმბოლო რუსული ოფიციოზისა და საზოგადოებისთვის. გასაკვირი არცაა. მოგეხსენებათ კრემლი ძალიან აქტიურად იყენებს მეორე მსოფლიო ომის დამახინჯებულ ნარატივებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის,  ამ მახინჯ კამპანიას კი თავისი მახინჯი სიმბოლოც სჭირდებოდა, რისი ფუნქციას მშვენივრად შეასრულა  შავ-ნარინჯისფერმა ლენტმა.

წლების მანძილზე ეს კამპანია ძალას იკრებდა და ძლიერდებოდა. მის ფარგლებში გაჩნდა სლოგანებიც:

  • „პაპის გარმარჯვება - ჩემი გამარჯვებაა“[4] - მოიცა და რატომ? პაპამ რომ თქვას ეგ თავისი შვილიშვილის გამარჯვებაზე კიდე ჰო, მარა შენ რა გააკეთე პაპაშენის გამარჯვებისთვის?
  • „დაიმაგრე. თუ გახსოვს!“[5]. -  ადექი და დაიმაგრე! თუ არ დავიმაგრე ისე არ მახსოვს, თუ რა?!
  • „მადლობა პაპას გამარჯვებისთვის“.[6] - ჯერ ერთი, რატომ მარტო პაპას? იქ ბევრი ბებიაც იბრძოდა. მეორეც, ბრძოლისთვის მაინც გადაუხადე მადლობა, შე დალოცვილო. ვაი და წაეგო, მაშინ უკვე აღარ დაიმსახურებდა მაგ მადლობას?!

მოკლედ, დრო  გავიდა და ერთ დროს რია ნოვოსტის ერთი შეხედვით უწყინარი კამპანიის ფარგლებში გაჩენილი ლენტი, რუსული სამყაროს სიმბოლოდ მოგვევლინა. მას დღეს იხილავთ ყველგან, სადაც რუსული რბილი და არც ისე რბილი ძალა მოქმედებს. ბევრისთვის „გეორგიევსკაია ლენტოჩკა“ იმაზე საძულველ სიმბოლოდ იქცა, ვიდრე საბჭოთა, ან რუსეთის დროშაა.

ამის პარალელურად „რუსკი მირში“ მოაზრებულმა სახელწმიფოებმა დაიწყეს იმის გააზრება, რომ ამ სიმბოლოს გამოყენება საშიში იყო. ამაში განსაკუთრებული როლი ყირიმის უკუპაციამ და ამ ლენტის ატიურმა გამოყენებამაც ითამაშა. დღეს „გეორგიევსკაია ლენტოჩკა“ აკრძალალული სიმბოლოა ლიეტუვაში, ლატვიში, ესტონეთსა და უკრაინაში. ხოლო იმ ქვეყნებში სადაც რუსეთის ძალიან გაღიზიანება არ უნდოდათ თავისი სიმბოლო მოიგონეს და ლენტი ამით ჩაანაცვლეს. ასეთი პრაქტიკაა: ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში. 2015 წელს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრაზე ნახევარი გეორგიევსკის ლენტით მივიდა, ბაფთის მეორე ნაწილი ბელარუსის დროშის ფერებში იყო. 2019 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევიც ესწრებოდა, რომელსაც მკერდზე ცისფერი ლენტი ეკეთა (ყაზახეთში მას იყენებენ ომში გამარჯვების სიმბოლოდ).  აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ნაზარბაევს ხშირად ეკეთა ორგინალური რუსული ლენტი.

მოკლედ, ყველგან ხვდებიან რომ კრემლს მათ მიმართ კეთილი ზრახვები არ ამოძრავებს. ყველგან ხვდებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის ნარატივები მოსკოვისთვის რბილი ძალის ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. იმასაც ხვდებიან, რომ ღია, თუ ფარული კონფრონტაციის პირობებში, ამ ბრძოლაში სიმბოლოებსაც აქვთ თავისი მნიშვნელობა. „გეორგიევსკაია ლენტოჩკა“ კი ამ სიმბოლოთა სათავეში დგას.
 

არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო 2005 წელს ამ სიმბოლოს ხელახლა დამბადებლის მუზა, გამარჯვების მედალი, გვარდიის მედალი, თუ წმ. გიორგის ორდენი. ფაქტი ერთია, ეს ლენტი საბჭოთა=რუსული იმპერლიაზმის სიმბოლოა. არც პირველს, არც მეორეს და არც ახლანდელ რუსეთს, ჩვენთვის სიკეთე არ მოუტანია და არც ფიქრობს ოკუპაციის, თავისუფლების დაკარგვის, სისხლისა და ახალი პრობლემების მეტი რამე მოგვიტანოს. ამიტომ, მოდით, ყველამ ერთად, უარი ვუთხრათ ამ ლენტსაც და მის უკან არსებულ ჩუმ ჩათლახურ ჩანაფიქრებსაც.

 

 

დავით ბრაგვაძე,

სპეციალურად "ინფოარმისთვის"

 

 

 

 

 

[1] Медаль «За победу над Германией в Великой Отечественной войне 1941—1945 гг.»

[2] Гварде́йская ле́нта 

[3] ფალერისტიკა - ისტორიული მეცნიერების დამხმარე დარგი, რომელიც მედლებსა და ორდენებს შეი«Победа деда — моя Победа»სწავლის

[4]

[5] «Повяжи. Если помнишь!»,

[6] «Спасибо деду за Победу!»

გაზიარება