უკან დაბრუნება

რა ფასი აქვს რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას?

7 მაისი 2019

1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. საბჭოთა რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან - დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ უროტაძემ.

16 პუნქტიანი ხელშეკრულების მიხედვით, ლენინის მთავრობა უარს ამბობდა იმ უფლებებზე, რომელიც რუსეთის იმპერიას საქართველოს მიმართ გააჩნდა. მოსკოვი საქართველოს შემადგენლობაში ცნობდა აჭარას, ზაქათალის ოლქს, აფხაზეთს და ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში.

სამაგიეროდ, რუსეთმა შეთანხმების საიდუმლო მუხლებით, საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას მიაღწია. რუსეთის მოთხოვნითვე, საქართველო ვალდებულებას იღებდა არ დაეშვა მესამე ქვეყნის ჯარები თავის ტერიტორიაზე და აღეკვეთა საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციების მოქმედება.

სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა, ბოლშევიკების მიერ საქართველოს გასაბჭოების წარუმატებელი მცდელობა. 2 მაისს ქართულმა ხელისუფლებამ თბილისში კომუნისტების მოწყობილი სამხედრო ამბოხი აღკვეთა. ამბოხიდან რამდენიმე დღეში კი, კავბიუროს ხელმძღვანელის, სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით, წითელმა არმიამ საქართველოს შეუტია, მაგრამ ქართულ ნაწილებთან სასაზღვრო ბრძოლებში დამარცხდა.

ხელშეკრულების გაფორმებაზე იმოქმედა 1920 წლის მაისის დასაწყისში ლენინის მთავრობის უმძიმესმა საგარეო მდგომარეობამაც. იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით, პოლონურმა არმიამ 5 მაისს კიევი დაიკავა. პარალელურად, კომუნისტების წინააღმდეგ გააქტიურდა თეთრი მოძრაობა, რომელსაც პეტრე ვრანგელი ხელმძღვანელობდა. ასეთ ვითარებაში მოსკოვმა საქართველოს ოკუპაცია წამგებიანად ჩათვალა და მიუხედავად სერგო ორჯონიკიძის დაჟინებული მოთხოვნისა, საქართველოს გასაბჭოება დროებით გადადო.

ბოლშევიკები საქართველოს ოკუპაციისთვის მხოლოდ შესაფერის ვითარებას ელოდნენ და 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს ნიშნავდა. ამას სტალინსა და ორჯონიკიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც მოწმობს. სტალინი ორჯონიკიძეს: საქართველოს გასაბჭოების აჩქარება, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად – სულ ერთია, რამდენიმე თვის შემდეგ, თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, ის ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ იარსებებს. გირჩევ დაარწმუნო როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით, რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისათვის“

1920 წლის 7 მაისს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება რუსეთმა 10 თვეში უტიფრად დაარღვია - 1921 წლის 11 თებერვალს, წითელი არმიის ნაწილები ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, სინამდვილეში ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა.

 

წყაროები:

1 ალექსანდრე კვაშოვკინი: „ამიერკავკასიის გასაბჭოება ბოლშევიკური ხელმძღვანელობის მიმოწერაში 1920-1922 წწ.“ გვ 168-169.

ლინკი: https://www.persee.fr/docAsPDF/cmr_1252-6576_1997_num_38_1_2487.pdf

2 ენდრიუ ანდერსენი: „1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება და საქართველოს საზღვრები 1920-1921 წლებში

ლინკი: https://www.academia.edu/35208448/%D0%9C%D0%BE%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B2%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%94%D0%BE%D0%B3%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%80_7_%D0%BC%D0%B0%D1%8F_1920_%D0%B3._%D0%B8_%D0%B3%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%86%D1%8B_%D0%93%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%B8_%D0%B2_1920-1921_%D0%B3%D0%B3..doc

გაზიარება