უკან დაბრუნება

რატომ საინფორმაციო თავდაცვცის ლეგიონში - გიორგი მოლოდინის მოსაზრება

9 ივნისი 2018

საქართველოში, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო თვალშისაცემია ერთი ქვეყნის არც თუ დიდი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების პრობლემა. თითქოს, რაღაც ძალა, მიზანმიმართულად ახალისებს დეზინტეგრაციულ პროცესებს. მრჩება განცდა, რომ სულ უფრო გართულდა და გაუარესდა ადამიანური ურთერთობების ჩამოყალიბება რელიგიურ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ თუ სხვა თემის გარშემო. მეჩვენება, რომ არ არსებობს თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის შენება. ასეთ დროს, ბუნბრივად მახსენდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, სადაც რუსულ ჰიბრიდულ საფრთხებსა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში საზოგადოების გახლეჩვისა და დეზინტეგრაციული პროცესების წახალისებაზეა საუბარია. უსაფრთხოების სამსახურის ეს ანგარიში, ფაქტიურად, ადასტურებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის მედეგობასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ზეგავლენა მესამე ძალის მიერ მიზანმიმართულად და როგორც კვლევები ან/და ახალი რეალიები აჩვენებს, წარმატებით ხორციელდება.

მაგალითისთვის, ყველა ბოლო პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აზრზე ზეგავლენა უკვე იქონიეს. თვალსაჩინოებისთვის, ვთქვათ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. თუკი თვალს გადავავლებთ NDI-ის კვლევების დინამიკას, ვნახავთ, რომ 2017 წლის მაისში გამოქვეყნებული იგივე კვლევის თანახმად ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 80% (2018 – 72%) წინააღმდეგი კი 12% (2018 – 21%) იყო. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 68% (დღეს-64%) ამბობდა , რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 21%-სთვის ეს მიუღებელი იყო (26%). NDI-ის კვლევების შედარება აშკარად აჩვენებს, რომ 2017 წლის მანძილზე მცირდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი გამოკითხულთა შორის, მაშინ, როდესაც 2016 წლიდან განუხრელად იზრდება ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა მაჩვენებელი (გვ.: 61). სამწუხაროდ, კიდევ უფრო უსიამოვნო და არასახარბიელო მაგალითების მოხმობა შეგვიძლია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან.

პირველი, 2017 წლის მარტის მოვლენები ბათუმში, როდესაც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებამ ლამის ეთნიკური დაპირისპირების კერა გააჩინა ქვეყანაში - ინტერნეტში, ე.წ. ტროლები (რომლებსაც ყოველთვის ემატება ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“ არმია) აქტიურად ცდილობდნენ მომხდარისთვის ეთნიკური საფუძვლის შექმნას, ცენტრსა და რეგიონს შორის ახალი ბარიერების აღმართვას, საზოგადოების კუთხურობის ნიშნით დაპირისპირებას. შორს რომ არ წავიდეთ, 2018 წლის მაისი, რომელიც ლამისაა ეროვნული სიძულვილის თვედ გამოვაცხადოთ. უკვე ერთმანეთში ირევა პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, ფაშიზმი, ლიბერალიზმი, ოჯახის სიწმინდის დღე, თავისუფლების დღე, რესპუბლიკის 100 წლისთავი, დამოუკიდებლობის დღე. მომეტებულ ფსევდო პატრიოტებს ანალოგიური წარმატებით, ფეხდაფეხ მიჰყვებიან ფსევდო-ლიბერალები, რომლებიც ხშირად ყველაზე მეტად ვნებენ ლიბერალიზმს ვიდრე ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი ძალა ერთად.

დაიკარგა ზღვარი იმაზე, რაზეც დიდი ხანია შეთანხმდა ცივილური სამყარო რაზეც ქართული საზოგადოების პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ 100 წლის შეთანხმდა და კონსტიტუციაში გააფორმა. დაიკარგა თემა, რომლის გარშემოც ერთი ქვეყნის, ერთი საზოგადოების, მაგრამ სხვადასხვა ფერის, რჯულის, ეთნოსის, რწმენის, მრწამსის და მაინც, ერთი საზოგადოების წარმომადგენლები შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ „მორჩა, აქ ორი აზრი არ არის“... როგორც დასაწყისში აღვნიშნე, იქმნება მშთაბეჭდილება, რომ რაღაც ძალა მიზანმიმართულად ახალისებს დეზინტეგრაციულ პროცესებს. დაშლილი, შეშინებული, გაღარიბებული, იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილი, აგრესიული, უკულტურო, გაუნათლებელი, უღმერთო, კაცთმოძულე საზოგადოება - დაშლილი, დაქუცაცმაცებული, მარიონეტად ქცეული, უპერსპექტივო, სუსტი საქართველოს გარანტიაა! ვინ არის ეს ძალა, ალბათ ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია რომ ჩვენ, პირველ რიგში კრემლის სამხედრო-პოლიტიკურ ადმინისტრაციაზე ვსაუბრობთ. რა შეიძლება იყოს ან/და არის კრემლის მიზანი? ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, სუვერენული საქართველოს არსებობას კრემლის იმპერიული პოლიტიკა არ ითვალისწინებს.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომელ იარაღს იყენებს რფ-ია მიზნის მისაღწევად? ეს არის ყველაზე იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველასთვის სასურველი, ყველაზე დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი - ინფორმაცია, უფრო სწორად კი, ცრუ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი გულებისა და გონების ოკუპაციისთვის იყენებენ. ამ გზაზე, ინტერნეტ-სივრცე დიდი ხანია დაემატა ტრადიციულ სამხედრო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბრძოლის ველებს. დღეს, ბრძოლის საინფორმაციო სივრცეში მოგება დიდი ომების მოგების საწინდარია. უბრალოდ, ამ სივრცეში დაპირისპირებას აქვს ერთი უცნაური გამონაკლისი, ამ ფრონტზე, წარმატებული ასიმეტრიული ომის წარმოების რეალური შანსი არსებობს. კონკრეტულად სად ან რაშია ეს შანსი? ფინანსებში? ტექნოლოგიებში? ცოტ-ცოტა ყველგან, მაგრამ მთავარი, მაინც ჩვენშია. ამ ომის მოგების ერთ-ერთი გარანტია კონსენსუსის შენებაა თემაზე, რომელსაც ერთიანი, ძლიერი და სუვერენული დემოკრატილი სახელმწიფოსა და საზოგადოების შენება ჰქვია. შესაბამისად, ჩვენ ვართ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის წევრები, რომელიც არის სივრცე ყველასთვის ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობაზე ფიქრობს, ვისაც რეალურად სურს დასავლური ტიპის საქართველოში ცხოვრება, რომელზეც ფიქრობდნენ და მერე აირჩეს ჩვენმა წინაპრებმა.

არ მგონია, რომ „ხმამაღალია“ სიტყვები, რომელსაც ახალ დავწერ. მე მგონია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, დღეს, ვქმნით საქართველოს ისტორიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ #ძალაჩვენშია, ძალა არის ერთობაში! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს, არამარტო სიანფორმაციო ომს და დავწერთ ერთიანი, ძლიერი, სუვერენული, დასავლური ტიპის საქართველოს ისტორიის ყველაზე ნათელ ფურცელს.

გიორგი მოლოდინი

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის

გაზიარება