უკან დაბრუნება
თარიღი 5 ივნისი 2018

პრეზენტაცია 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში

ანონსი!

გაიარე რეგისტრაცია! გახდი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის წევრი! დაიცავი შენი და შენი ქვეყნის სიმართლე!

ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ იქმნება. პროექტის პრეზენტაცია 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 11:00 საათზე დაიწყება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო სივრცის დასაცავად მოქალაქეები სპეციალური ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრაციით (infoarmy.ge) „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონში“ გაწევრიანდებიან. ისინი პროექტის ანალიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ გზავნილებს ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებენ და თავადაც ჩაერთვებიან კონტრ-პროპაგანდისტული გზავნილები შემუშავების პროცესში.

 პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური მობილური აპლიკაციაც, რომელიც მათ გზავნილების ოპერატიულ გავრცელებაში დაეხმარებათ.

ამ გზით საქართველოს მოქალაქეები საქართველოს და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციებს რეალური ფაქტებით და ზოგადად, სიმართლის გავრცელებით დაუპირისპირდებიან. პროექტის მთავარი ამოცანაა მეტი „ლეგიონერი“ და მეტი გაზიარება სოციალურ ქსელში. ლეგიონს ორი მთავარი ჰაშთაგი #ჩვენმოვიგებთომს და #ძალაჩვენშია იქნება

ლეგიონერების საინფორმაციო თავდაცვით აქტივობებს კიბერთავდასხმებისგან პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კიბერ-ძალების წარმომადგენლები დაიცავენ, რომლებიც სპეციალური ტრენინგების შემდეგ სპეციფიკურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს შეიძენენ. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს“ ხელმძღვანლის, გიორგი მოლოდინის განცხადებით „ლეგიონი“ მზად არის, მთავრობის სტრატეგიულ კომუნიკაციებზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ავტორიტეტისა და საერთაშორისო იმიჯის დასაცავად შექმნილი გზავნილების გავრცელებაშიც დაეხმაროს თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.

ყველაზე აქტიურ „ლეგიონერებს“ კი, შესაძლებლობა ეძლევათ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ოთხთვიანი ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ და კიდევ უფრო გააუმჯობესონ ამ გზაზე თავისი მიღწევები.

ამის შესახებ დამატებით დეტალებს „ლეგიონის“ ვებგვერდიდან და ფეისბუქიდან შეიტყობთ. გიორგი მოლოდინის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია „საქართველოს ნარატივის პროაქტიული გავრცელება მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულების გზით, რათა დროულად და ეფექტიანად შევავავსოთ საინფორმაციო სივრცეში არსებული სიცარიელეები, რომლებსაც მოწინააღმდეგე ტყუილებით ავსებს და მოქალაქეებს არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქცევისკენ უბიძგებს“.

 

გაზიარება