ჩვენს შესახებ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის თითოეული წევრი ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას დაეხმაროს საკუთარ სახელმწიფოს საინფორმაციო ომში, გახდეს „ინფო-ლეგიონის“ წევრი და ხელი შეუწყოს სიმართლის გავრცელებას. პროექტს ახორციელებს და კოორდინირებას უწევს ააიპ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ (www.strat.com.ge). აღნიშნულ პროექტში „ცენტრის“ გარშემო გაერთიანებულნი არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერების, მედია-მენეჯმენტის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სხვების მაღალი დონის პროფესიონალები.

სახიფათოდ მზარდი რუსული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ საუბარი, სადაც განსაკუთრებულ ადგილს ინფორმაციის, როგორც დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამანგრეველი საფრთხე იკავებდა, ძირითადად, 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რფ-ის მიერ განხორციელებულმა საინფორმაციო და ფსიქოლოგიურმა ოპერაციებმა (რასაც თან ახლდა სამხედრო კომპონენტიც) უკრაინის მთავრობას ხელიდან გამოაცალა თავისი მოსახლეობის სოლიდარობაცა და მხარდაჭერაც, ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებზეც მსოფლიო დიდი ხნის წინ შეთანხმდა, გააჩინა სხვა ალტერნატიული მოსაზრებები და საბოლოოდ დაარღვია კონსენსუსი ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დანერგა საინფორმაციო ქაოსი, პანიკა, დაუცველობის და ჩამოუყალიბლებობის განცდა, და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ღირებულებები, რომლებზეც ზოგადად, ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნები დგანან. ამ ყველაფრით კი მიაღწია ყველაზე მთავარს - მტრის წინააღმდეგ საზოგადოების ფსიქოლოგიური მზადყოფნის გაქრობას. 

მომეტებულ რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ჩვენთანაც მალევე ალაპარაკდნენ და სხვათა შორის, მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ საფრთხეებზე კიდევ უფრო მეტს საუბრობდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-ში ჩაიწერა, რომ რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გამოწვევად რჩება. შევთანხმდით, რომ ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოში საფრთხეს მტრული რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციების უწყვეტი ციკლი უქმნის. და, მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ შესაბამის შედეგებს მაინც ვერ მივაღწიეთ. ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა საზოგადოებაში სათანადო გამოხმაურება ვერ ჰპოვა. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები ვერ გასცდა თემით დაინტერესებული ადამიანების ვიწრო ჯგუფებს და ვერ მიიღო საერთო, საზოგადოებრივი მოძრაობის სახე და თანამოაზრეთა ვიწრო გაერთიანებებად ჩამოყალიბდნენ.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“  ქვეყნის თითოეულ მოქალაქესთან ერთად შეძლებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას. „ლეგიონი“, ეს არის სივრცე ჩვენი ძალების გაერთიანებისთვის. „ლეგიონი“ შეიქმნა თითოეული ჩვენგანისთვის, სადაც მის თითოელ წევრს საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიეცემა. ასევე, ყველა „ლეგიონერს“ მიეცემა შესაძლებლობა ორმხრივი კომუნიკაცია დაამყაროს პროექტის ორგანიზატორებთან და პირადად მიიღოს მონაწილეობა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმაში ან/და მოწინააღმდეგის პროპაგანდისტული საქმიანობის აღმოფხვრის საქმეში, მაგალითად, აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა ინტერნეტ სივრცეში და აცნობოს „ლეგიონის“ ანალიტიკურ ჯგუფს ერთიანი  და ძლიერი საინფორმაციო მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით, ანალიტიკურ ჯგუფთან ერთად შექმნას ძლიერი არგუმენტები მოწინააღმდეგის დეზინფორმაციაზე საპასუხოდ. „ლეგიონის“ შექმნის პროცესში ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით უკვე გაგვიზიარა. გრაფიკოსები, ვებ-დიზაინერები, ისტორიკოსები, მარკეტოლოგები, პიარის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები და სხვა ბევრნი, გარდა იმისა, რომ უკვე „ლეგიონის“ წევრები არიან, დამატებით ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომასაც ეწევიან. მოხალისეობისა და სოლიდარობის ეს ფაქტები ამ იდეის გამარჯვების გარანტი და საწინდარია. „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ ეკუთვნის ყველას, ეკუთვნის მთლიანად  საქართველოს!

გაწევრიანდი „ლეგიონში“ და  დაიცავი საქართველო საიფორმაციო ომში! #ძალაჩვენშია

 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია მხოლოდ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო" და შესაძლოა არ გამოხატავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.